24 дек. 2012 г.

ჩემი ევოლუცია


    უკვე 15 წლის ვარ... პატარობიდან ვიწრთობოდი საესტრადო მუსიკის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიწრთე, მთელ ჩემს მომავალს მას ვუკავშირებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, დღეს უკვე სრულიად განსხვავებული ხელოვნების პირველ საფეხურზე ვდგავარ. ეს ხელოვნებაა მისი აღმატებულება ოპერა.
    ოპერის გამო დავთმე საესტრადო მომავალი, რომელიც განვლილი წლებიდან გამომდინარე და დიდი შრომის შემდეგ, არც ისე შორს იყო. ეხლა კი სხვა სამყაროში ვარ, სადაც სრულიად თავიდან უნდა დავიწყო წინსვლა. წინსვლა კი აქ ძალიან რთულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 თვეა, რაც საოპერო ხელოვნებას შესაძლებლობის ფარგლებში გავეცანი, უკვე სამუსიკო სასწავლებლის გამოცდაზეც ღირსეულად მოვიპოვე 10 ქულა შუმანის არიით „კაკლის ხე“ (der nussbaum), სადაც დირექციამ გადაწყვიტა, რომ  საახალწლო კონცერტზე, 20 დეკემბერს, მე მიმეღო მონაწილეობა. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, რადგან იმ ბავშვების გვერდით ვმეროდი, რომლებიც საოპერო ხელოვნებას წლებია ეუფლებიან, ხოლო მე, ადამიანმა, რომელმაც მუტაცია განიცადა ესტრადიდან ოპერამდე, მივაღწიე იმას, რომ 1 თვის შესწავლილი კარგად ამეთვისებინა. სწორედ ისე, როგორც ეს სურს ჩემ საუცხოო პედაგოგს-გულიკო კარიაულს. ყველაფერი ხომ მისი დამსახურებაა და ჩემი ნიჭის არსებობა ხომ უფლის, სწორედ უფალმა შემახვედრა ამ ადამიანს.
   გულიკო კარიაული არაერთი ოპერის ვარსკვლავის „ავტორია“. მათ შორის არის ნინო სურგულაძე, თეონა დვალი, ქეთევან ქემოკლიძე (და თუ გულიკო მასწავლებელს დავუჯერებთ, ამ სიას არც ისე შორეულ მომავალში მეც შევემატები (ეს რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით ხუმრობად დავტოვოთ, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერი ხდება, და მეც ამის იმედი მაქვს)).
    ალბათ ზოგი იფიქრებს-„რატომ დათმო ესტრადა და წავიდა ოპერის განხრით? ესტრადაში ხომ მრავალ კონკურსზე მოიპოვა აღიარება?!“. მე ამ სიტუაციას პოტენციალთა ომს ვუწოდებდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მონაცემები საესტრადო ჟანრისთვის ძალიან დიდია (სწორედ ასე ამიხსნეს ეს სიტუაცია პროფესიონალმა პედაგოგებმა და მომღერლებმა). ესტრადა არ საჭიროებს ამხელა მონაცემებს, ხოლო საესტრადო სიმგღერისას ჩემი ხმა შესაძლოა დავკარგო, რადგან ხმა, რომელიც გამაჩნია იმაზე დიდია, რაც მჭირდება ამ შემთხვევაში, და მისი შეკავებით შესაძლოა იოგები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „განადგურდეს“. ხოლო ოპერა „სადაზრვეო პაკეტსა“ და დიდ მომავალს მჩუქნის...
     მინდა ის ფაქტი აუცილებლად ავღნიშნო, რომ მე ამ მუტაციამ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, შემიცვალა. სადაც მე ვცხოვრობ და სადაც ჩემი სახლი, ეზო, ხალხი და ქუჩებია, რომლის ამხელა სიყვარული იქამდე ვერ გავაცნობიერე, სანამ არც ისე დიდი ხნით დავშორდი მას, ახლა ვხვდები, რომ ყოველი მისწრაფების ასრულება სხვა ადგილისკენ, ქვეყნისკენ, სრულიად დროებითია და მალევე მისწრაფების ობიექტი კვლავ ის ადგილი გახდება, სადაც ფეხი ავიდგით, სადაც ადამიანის სიყვარული ვისწავლეთ და სადაც ჩვენი წარსული ცოცხლდება...  ძალიან მიჭირს განშორება, მაგრამ გულს იმით ვინუგეშებ, რომ მე ჩემი სახლის, ხალხის, ქალაქის ერთ დიდ სახლს-საქართველოს ვემსახურები ჩემი ნიჭით... ეს ნიჭი საქართველოს ეკუთვნის...