24 дек. 2012 г.

ჩემი ევოლუცია


    უკვე 15 წლის ვარ... პატარობიდან ვიწრთობოდი საესტრადო მუსიკის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიწრთე, მთელ ჩემს მომავალს მას ვუკავშირებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, დღეს უკვე სრულიად განსხვავებული ხელოვნების პირველ საფეხურზე ვდგავარ. ეს ხელოვნებაა მისი აღმატებულება ოპერა.
    ოპერის გამო დავთმე საესტრადო მომავალი, რომელიც განვლილი წლებიდან გამომდინარე და დიდი შრომის შემდეგ, არც ისე შორს იყო. ეხლა კი სხვა სამყაროში ვარ, სადაც სრულიად თავიდან უნდა დავიწყო წინსვლა. წინსვლა კი აქ ძალიან რთულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 თვეა, რაც საოპერო ხელოვნებას შესაძლებლობის ფარგლებში გავეცანი, უკვე სამუსიკო სასწავლებლის გამოცდაზეც ღირსეულად მოვიპოვე 10 ქულა შუმანის არიით „კაკლის ხე“ (der nussbaum), სადაც დირექციამ გადაწყვიტა, რომ  საახალწლო კონცერტზე, 20 დეკემბერს, მე მიმეღო მონაწილეობა. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, რადგან იმ ბავშვების გვერდით ვმეროდი, რომლებიც საოპერო ხელოვნებას წლებია ეუფლებიან, ხოლო მე, ადამიანმა, რომელმაც მუტაცია განიცადა ესტრადიდან ოპერამდე, მივაღწიე იმას, რომ 1 თვის შესწავლილი კარგად ამეთვისებინა. სწორედ ისე, როგორც ეს სურს ჩემ საუცხოო პედაგოგს-გულიკო კარიაულს. ყველაფერი ხომ მისი დამსახურებაა და ჩემი ნიჭის არსებობა ხომ უფლის, სწორედ უფალმა შემახვედრა ამ ადამიანს.
   გულიკო კარიაული არაერთი ოპერის ვარსკვლავის „ავტორია“. მათ შორის არის ნინო სურგულაძე, თეონა დვალი, ქეთევან ქემოკლიძე (და თუ გულიკო მასწავლებელს დავუჯერებთ, ამ სიას არც ისე შორეულ მომავალში მეც შევემატები (ეს რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით ხუმრობად დავტოვოთ, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერი ხდება, და მეც ამის იმედი მაქვს)).
    ალბათ ზოგი იფიქრებს-„რატომ დათმო ესტრადა და წავიდა ოპერის განხრით? ესტრადაში ხომ მრავალ კონკურსზე მოიპოვა აღიარება?!“. მე ამ სიტუაციას პოტენციალთა ომს ვუწოდებდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მონაცემები საესტრადო ჟანრისთვის ძალიან დიდია (სწორედ ასე ამიხსნეს ეს სიტუაცია პროფესიონალმა პედაგოგებმა და მომღერლებმა). ესტრადა არ საჭიროებს ამხელა მონაცემებს, ხოლო საესტრადო სიმგღერისას ჩემი ხმა შესაძლოა დავკარგო, რადგან ხმა, რომელიც გამაჩნია იმაზე დიდია, რაც მჭირდება ამ შემთხვევაში, და მისი შეკავებით შესაძლოა იოგები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „განადგურდეს“. ხოლო ოპერა „სადაზრვეო პაკეტსა“ და დიდ მომავალს მჩუქნის...
     მინდა ის ფაქტი აუცილებლად ავღნიშნო, რომ მე ამ მუტაციამ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, შემიცვალა. სადაც მე ვცხოვრობ და სადაც ჩემი სახლი, ეზო, ხალხი და ქუჩებია, რომლის ამხელა სიყვარული იქამდე ვერ გავაცნობიერე, სანამ არც ისე დიდი ხნით დავშორდი მას, ახლა ვხვდები, რომ ყოველი მისწრაფების ასრულება სხვა ადგილისკენ, ქვეყნისკენ, სრულიად დროებითია და მალევე მისწრაფების ობიექტი კვლავ ის ადგილი გახდება, სადაც ფეხი ავიდგით, სადაც ადამიანის სიყვარული ვისწავლეთ და სადაც ჩვენი წარსული ცოცხლდება...  ძალიან მიჭირს განშორება, მაგრამ გულს იმით ვინუგეშებ, რომ მე ჩემი სახლის, ხალხის, ქალაქის ერთ დიდ სახლს-საქართველოს ვემსახურები ჩემი ნიჭით... ეს ნიჭი საქართველოს ეკუთვნის...

12 мая 2012 г.

სტატია ჟურნალ „გზა“-ში


სკანდალი - "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა"
14 წლის ნინო გოთოშია "ნიჭიერის" კონკურსანტის ამპლუაში ტელემაყურებელმა წელს იხილა (გოგონა ნახევარფინალურ ტურში ვერ გადავიდა), მაგრამ თურმე უკვე მესამე წელია, პროექტში მონაწილეობს. ჟიურისა და დარბაზში მყოფი მაყურებლების დადებითი შეფასების მიუხედავად, 2 სეზონის განმავლობაში ნინო ეთერშიც არ მოხვედრილა. ჩვენ გოგონას დედა - ქალბატონი რუსუდან ბაგრატია დაგვიკავშირდა და აღშფოთებულმა გვითხრა, რომ "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა მის შვილს კამერის წინ ტყუილის თქმაც კი შესთავაზეს, რაზეც გოგონა არ დათანხმდა...

ნინო გოთოშია ხობში ცხოვრობს ის მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობს და რამდენიმე გრან-პრის, ოქროს მედლის მფლობელია. წელს რომსა და ფლორენციაშიც წარმატებული სასცენო გამოსვლა ჰქონდა, სადაც იტალიელი და ქართველი მაყურებლები აღაფრთოვანა...

რუსუდან ბაგრატია:
- როცა პროექტი "ნიჭიერი" დაიწყო, ნინო 11 წლის იყო. კონკურსზე ედიტ პიაფის რეპერტუარიდან ფრანგულენოვანი სიმღერა შეასრულა. თავად თიკა ფაცაცია აღფრთოვანდა: მცირე ასაკის ბავშვმა ასეთი სერიოზული სიმღერის შესრულება როგორ გაბედაო?! მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა, მათ შორის - მაია ასათიანიც, რომელმაც თქვა: ნინო, ძალიან ნიჭიერი ხარო! ჟიურის წევრებმა ჩემს შვილს მეორე ტურში გადასვლა მიულოცეს. რა თქმა უნდა, პროექტის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებაც გავაფორმეთ: ერთ-ერთი მუხლის თანახმად, "ნიჭიერის" ნებართვის გარეშე, 1 წლის განმავლობაში, პროექტის მონაწილეს არც ერთი ტელევიზიისთვის სიმღერის, არც ერთი ჟურნალისტისთვის - ინტერვიუს მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა. მაშინ ამას კარგად ვერ ჩავწვდი და ხელი მოვაწერე. კონკურსიდან რაიონში იმედიანად - გამარჯვებულები და აღფრთოვანებულები დავბრუნდით. ვიწამე, რომ ჟიური სამართლიანი იყო.

"ნიჭიერი" რომ დაიწყო, პირველ ორშაბათს ნინო გადაცემაში არ გამოჩნდა, მხოლოდ ანონსში "გაიელვა". პროექტის წარმომადგენლებთან რომ დავრეკე, მითხრეს: ქალბატონო, ნუ ნერვიულობთ, მეორე ტურში გადასული ყველა კონკურსანტის გამოსვლას ვუჩვენებთო... ბავშვი ეკრანზე მეექვსე ორშაბათსაც რომ არ გამოჩნდა, მაშინ მითხრეს: სავალდებულო არ იყო, ყველა გამარჯვებული ეთერში გვეჩვენებინა, ამას მონტაჟის რეჟისორი წყვეტსო. არ მესმის, ტექნიკურ მუშაკებს ვინ ეკითხება, გადაცემაში ვინ აჩვენონ?! გამოდის, რომ ჟიურის შეფასება არაფერი ყოფილა! თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მქონდა - ნინოს მამა ონკოლოგიური ავადმყოფია, ამიტომ ვცდილობდი, ყველაფერი ტელეფონით გამერკვია. პროექტის წარმომადგენლებს ვუთხარი: ბავშვი სკოლაში არ დადის, რადგან მის მეგობრებს არ სჯერათ, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა-მეთქი. ეს ჩემი ერთ-ერთი ხრიკი იყო - მინდოდა, ნინოს გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ჩამეგდო ხელში. დისკი რომ მქონოდა, ამ ამბავს "ნიჭიერის" პირველივე სეზონზე გავასაჩივრებდი. ალბათ ყველაფერს მიმიხვდნენ და ჩანაწერი არ მომცეს - ეს "რუსთავი 2"-ის საკუთრებაა, არქივშია ჩაბარებული და არავითარი უფლება არ გაქვთ, დისკი წაიღოთო...

მეორე წელს, როცა "ნიჭიერის" წარმომადგენლები სენაკში ჩამოვიდნენ, მათ ვუთხარი: წელსაც უმსგავსობის ჩადენას თუ აპირებთ, კასტინგზე ბავშვის გამოსვლას რა აზრი აქვს-მეთქი? ეტყობა, ძალიან გაბრაზდნენ და როცა ნინო უიტნი ჰიუსტონის სიმღერას ასრულებდა, შუა სიმღერისას "ნიჭიერის" ორივე წარმომადგენელი გოგონა ოთახიდან გამოვიდა; ბავშვი ოპერატორის ამარა მიატოვეს. მას გოგონასთვის უთქვამს: გოთოშია, მახსოვხარ, შარშან ფრანგული სიმღერა რომ შეასრულეო...

ამასობაში, ხობში საერთაშორისო ფესტივალი - "სიმღერა სამეგრელოზე" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანზორ ერქომაიშვილი, გომარ სიხარულიძე, ვაჟა დურგლიშვილი, ვაჟა აზარაშვილი... ფესტივალი სხვას უნდა გაეხსნა, მაგრამ როცა ორგანიზატორებმა ნინოს სიმღერას მოუსმინეს, ოფიციალური გახსნა მას მიანდვეს და "ფესტივალის აღმოჩენა" უწოდეს. მოგვიანებით ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი უნიკალური ხმის მქონე გოგონას სახით, მაყურებლებს სიურპრიზს უმზადებდა. ჰოდა, 7 თებერვალს ნინო იტალიაში (რომსა და ფლორენციაში) მიიწვიეს, მისი გამგზავრება კი "ჩვენებურებმა" დააფინანსა. სხვათა შორის, 4 მარტს "კურიერ P.S"-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც უჩვენეს, თუ როგორ მღეროდა ნინო იტალიაში. მას მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ...

მოკლედ, წელს, როცა პროექტის წარმომადგენლები ხობში ჩამოვიდნენ, ნინოს გამგეობიდან დაურეკეს: ჩვენი რეგიონის ხალხს "ნიჭიერში" ძალიან გვაშაყირებენ და მოდი, სირცხვილი ჩამოგვრეცხე; ყველას დავანახვოთ, რომ ნიჭიერები სამეგრელოშიც არიანო. კასტინგი აგვისტოში იყო. 25 იანვარს "ნიჭიერიდან" დაგვიკავშირდნენ. მათ ვკითხე: ჩაწერა როდის გაქვთ? ბავშვი იტალიაში მიფრინავს, 6 დღე საქართველოში არ იქნება-მეთქი. - მაშინ, 5 თებერვალს ჩავწერთ და იტალიაში მერე გაფრინდესო, - მიპასუხეს. გოგონა სილამაზის სალონში წაიყვანეს, მაკიაჟი გაუკეთეს, ჩააცვეს... ერთ-ერთმა კოორდინატორმა (მისი გვარ-სახელი არ ვიცით) ნინოს შესთავაზა: კამერის წინ უნდა თქვა, რომ პროექტ "ნიჭიერის" გამო, იტალიაში წასვლაზე უარს ამბობო. გაბრაზებულმა ბავშვმა უთხრა: არავითარ შემთხვევაში! ერთჯერადი პროექტის გამო უარს ვერ ვიტყვი; იტალიაში ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და დარეჯან კუხიანიძე მგზავნიან, ევროპისკენ გზას მიკვალავენ, ზეგ მივფრინავო! იცით, რა უპასუხეს? - ვიცით, რომ ზეგ მიფრინავ და 15 თებერვალს ბრუნდები; ეს სიუჟეტი ეთერში მაინც აპრილში გავა და რას დაეძებ, სიცრუე თქვი, ამით ხომ არაფერს წააგებო.

ნინო მათ შემოთავაზებას არ დათანხმდა, - ეთერში სიცრუეს ვერ ვიტყვი; ბატონ ანზორ ერქომაიშვილს როგორ უნდა შევხედო, როცა იტალიაში უკვე ნამყოფი ვიქნებიო?! საბოლოო ჯამში, რაღაც სიუჟეტი გადაიღეს, რომელშიც ნინოს ტყუილი არ უთქვამს... მახსოვს, სცენაზე მდგომს, გეგა ფალავანდიშვილმა უთხრა: უკან მიიხედე - შენ ხარ ის, რაც შენ უკან წერიაო (მოგეხსენებათ, ბანერზე "ნიჭიერი" წერია); ვანო ჯავახიშვილიც აღფრთოვანდა, სოფო ნიჟარაძემ კი ბავშვი ასე შეაფასა: ძალიან მუსიკალური გოგო ყოფილხარ და ამავე დროს, ძალიან ლამაზიო. ჟიურის წევრებმა გოგონას უთხრეს, - 4 "კი" გაქვს: 3 - ჩვენგან, 1 - დარბაზისგანო... 10 დღის წინ დაგვირეკეს: გილოცავთ, თქვენი შვილი მეორე ტურში გადავიდა და ახლა ნახევარფინალის საკითხი წყდება, უნდა მოვიდესო. გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სწორედ იქ იყო "საჩალიჩო" სიტუაცია.

- რას გულისხმობთ?

- 4 ბავშვს (მათ შორის - ნინოს) უთხრეს: დამატებითი ტური უნდა შედგეს; თქვენ შორის "გადათამაშება" მოხდება, რომლის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე ან ერთს გადაგიყვანთ, ან - ორს ან სამს, ან - ოთხივესო. თუ ოთხივეს გადაიყვანდნენ, მაშინ "გადათამაშება" რა საჭირო იყო, არ მესმის... 3 დღეში ისევ დაგვიკავშირდნენ: კვლავ ინტერვიუ, სიუჟეტი...
აპრილში, ხელოვნების აკადემიაში ნინომ 300 ბავშვს შორის გამართულ კონკურსზე პირველი პრემია მიიღო. ჟიურის თავმჯდომარე ნანი ბრეგვაძე გახლდათ, წევრები კი - მარინა ბერიძე, კახა ცაბაძე, ნეკა სებისკვერაძე და ვალერიან შიუკაშვილი. ნინო და მარიამ კახელიშვილის ძმა თემური ერთად მონაწილეობდნენ კონკურსში და მეგობრობენ. მოგეხსენებათ, "ნიჭიერის" "გადათამაშებაში" ისიც მოხვდა.

თემური მიცნობდა და მითხრა: დეიდა, გაოგნებული ვარ - არ ვიცი, ჩემი გამარჯვება უნდა მიხაროდეს თუ არაო... პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიასთან შეხვედრა მოვითხოვე. მან ყურადღება არ მომაქცია, ადამიანად არ ჩამთვალა. ვყვიროდი: აღიარეთ, რომ "ნიჭიერში" ნიჭიერი არ გინდათ-მეთქი! რომ აღარ გავჩერდი, გიორგი ხაბურზანია გამობრძანდა და მითხრა: საერთოდ არ ვარ ვალდებული, მოგისმინოთო. არადა, დალაპარაკება ადამიანურად ვთხოვე. ვუთხარი: - იქნებ პროექტში არაობიექტურობა თქვენ მიღმა ხდება-მეთქი? - პატრულის გამოძახებით დამემუქრა. კარგად ვიცი, ქცევის ნორმების ზღვარი სად მთავრდება და ხულიგნობა სად იწყება. ამის შესახებ ხაბურზანიასაც ვუთხარი. შემახსენა, - ხელშეკრულებას ხელი ხომ მოაწერეთ, რომლის მიხედვითაც ზოგი კონკურსანტი მომდევნო ტურში გადავიდოდა, ზოგი - ვერაო? მაგრამ ხელშეკრულება იმას არ ითვალისწინებდა, რომ თუ ბავშვი კარგად იმღერებდა, შემდეგ ეტაპზე მაინც არ გადაიყვანდნენ...

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ნიჭიერში" მაყურებლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ: კასტინგზე სცენის წინ "დირიჟორი" იდგა, რომელიც დარბაზში მყოფებს ანიშნებდა, რომელი შემსრულებლისთვის დაეკრათ ტაში ან ხელის ორივე ცერა თითი დაბლა როდის უნდა დაეშვათ. ე.ი. ქართველი მაყურებელი ისეთი სულელი, ბრმა და ყრუ ყოფილა, რომ თავად ვერ განსაზღვრავს, ტაში ვის დაუკრას და ვის - არა?!.

ნინო გოთოშია:
- "ნიჭიერი" ჩემთვის ის მწვერვალი არ არის, რომელზე ასვლაც მიზნად მაქვს დასახული. ფინალში გადასვლის პრეტენზია არც მქონდა. უბრალოდ, შარშანწინდელი და შარშანდელი წყენა მახსოვს და პროექტში ამის გამო ვმონაწილეობდი. "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა. ამ წინადადებაზე დათანხმება ძალიან დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც იტალიაში მიმიწვია.

- "ნიჭიერის" პიარის გამო, მსგავსი წინადადებით კიდევ რომელიმე კონკურსანტისთვის მიუმართავთ?

- კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა პროექტის წარმომადგენლები მონაწილეებს ეუბნებოდნენ: თქვი, რომ პედაგოგი არ გყავს, რომ თვითნასწავლი ხარ, სცენა საერთოდ "არ გინახავსო" და ა.შ. წინ "ნიჭიერზე" ბევრად უფრო საინტერესო კონკურსები მელის.

- რომელ კონკურსებს გულისხმობ?
- "ფრანკოფონიაზე" გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემი "პატრონობა" სურს. ამჟამად, კონკურსებისთვის მამზადებენ...

ჩვენ "ნიჭიერის" პროდიუსერს - გიორგი ხაბურზანიას დავუკავშირდით და ნინო გოთოშიას ამბავთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- "ნიჭიერის" კასტინგზე უამრავი ადამიანი მოდის. ცხადია, ეთერში ბევრი მათგანი არ ხვდება. ვინც შოუსთვის საჭიროა, ეკრანზე მხოლოდ მას ვაჩვენებთ - ყველა ქვეყანაში ასეა.

- ეთერში ყველა ვერ მოხვდება - ეს გასაგებია, მაგრამ თუკი კონკურსანტმა ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო და დარბაზში მყოფი მაყურებლებიც აღაფრთოვანა, მაშინ რა ხდება?
- ეს ცოტა არ იყოს გაზვიადებული ნათქვამია. შეიძლება, კონკურსანტი ჟიურისაც მოეწონოს, მაგრამ შოუ იმის საფუძველზე "კეთდება", თუ რომელი სასცენო ნომერია მომგებიანი, "ყურებადი"... საშუალო დონის ნომრები ეთერში არ ხვდება. მეორე ტურში გადასაყვანი მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჟიურის წევრებს არ ვზღუდავთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეთერში ყველა კონკურსანტი გამოჩნდეს. ჩვენი ამოცანაა, გადაცემა მოსაწყენი კი არა, დინამიკური იყოს.

- ნინო გოთოშიას დედამ გვითხრა, თითქოს პოლიციით დაემუქრეთ, როცა მან თქვენთან დალაპარაკება ითხოვა.
- (იცინის) ჩაწერის დროს ერთი ქალბატონი ყვიროდა, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შესაბამისად, გააფრთხილეს, რომ თუ ამას განაგრძობდა, საპატრულო პოლიციას მიმართავდნენ.

- მასთან საუბარი რატომ არ მოისურვეთ?

- როგორ არ მოვისურვე?! ვუთხარი, რომ მეორე დღეს დაველაპარაკებოდი, რადგან იმ დღეს ჩაწერა გვქონდა.

- არ ვარ ვალდებული, რაღაცები აგიხსნათო, - გითქვამთ.

- ჩხუბითა და ყვირილით ითხოვდა, - პროდიუსერი გამოვიდეს, დამელაპარაკოსო, თორემ მერწმუნეთ, კონკურსანტებსაც შევხვედრივარ და მათ მშობლებსაც.

- თითქოს "ნიჭიერის" წარმომადგენლებს ნინოსთვის ტყუილის თქმა შეუთავაზებიათ...

- წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. შეუძლებელია, ათასობით კონკურსანტის ნათქვამი გადავამოწმო, მაგრამ ვინც ეთერში ხვდება, იმას ყოველთვის ვამოწმებ, რათა ფაქტობრივი შეცდომა არ იყოს დაშვებული... კონკურსანტი ინტერვიუში რას იტყვის, ამას შემდეგ ტურში მის გადასვლასთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- შეიძლება, კონკურსანტისთვის - არა, მაგრამ თქვენი პროექტი ხომ უკეთ წარმოჩნდება, თუკი მონაწილე სხვა მნიშვნელოვან პროექტზე "ნიჭიერის" გამო იტყვის უარს?

- იცი, პროექტი უკეთ როდის წარმოჩნდება? როცა კონკურსანტი თავის სასცენო ნომერს უკეთ შეასრულებს. მოკლედ, მთავარი ესაა, დანარჩენი - მხოლოდ "ბონუსებია" "ნიჭიერის" მონაწილეებისთვის. ზოგი კონკურსანტი თავად გვეუბნება, რომ თვითნასწავლია, რადგან ჰგონიათ, თითქოს ასე უკეთესებად გამოჩნდებიან. მაგალითად, ტყუპმა კონკურსანტმა თქვა: - თვითნასწავლები ვართო, მაგრამ გადავამოწმეთ (როცა მონაწილე ნახევარფინალში გადადის, ამას მაშინ ვამოწმებთ) და სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა... მესამე წელია, ამ პროექტს გამჭვირვალედ "ვაკეთებთ" - მისი ფორმატისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. არის შემთხვევები, როცა აქტიურ მშობლებს თავიანთი შვილი საუკეთესო ჰგონიათ. რასაკვირველია, ნინო გოთოშია კარგად მღერის, მაგრამ ჟიურის უფლება ჰქონდა, 4 კონკურსანტიდან 2 აერჩია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/53254-skandali-qnitciermaq-shemomthavaza-tyuili-methqvaq.html?goSite=935417#ixzz1uxGmYIpm